ეს ისტორია არის სიჩუმეზე…

ეს ისტორია არის სიჩუმეზე...
ეს ისტორია არის სიჩუმეზე...

ერთი ისტორია მინდა გიამბოთ…

ეს ისტორია არის სიჩუმეზე. 
სად მოხდა, რომელ ქვეყანაში, რომელ ტრენინგზე ამის თქმის უფლება არ მაქვს, ტრენინგის ფორმატიდან გამომდინარე… 

წაგვიყვანეს ჩვენთვის უცნობ ქალაქში. 
პასპორტი, ფული, ტელეფონი, საათი, აბსოლუტურად ყველაფერი სასტუმროში დავტოვეთ. თან მქონდა მხოლოდ საწვიმარი. 
ვიმყოფები ჩემთვის უცხო ქვეყანაში და ქალაქში. ორიენტაციის შეგრძნება 0.

ერთადერთი ინსტრუქცია – სიჩუმეში ყოფნა და მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმის უფლება: “შეიძლება შემოგიერთდეთ?”

წესები ასეთი იყო: უნდა მივსულიყავით ადამიანებთან და გვეკითხა – “შეიძლება შემოგიერთდეთ?” მეტი არაფერი. თუ გვეტყოდნენ კი, მასთან ერთად ვიქნებოდით მანამ, სანამ ვიგრძნობდით, რომ გსურდა მასთან ერთად ყოფნა.
თუ გვეტყოდნენ, რომ არა, მაშინ სხვასთან წავიდოდით იმავე შეკითხვით. 

თუ რაიმეს გვკითხავდნენ, არანაირი პასუხი, არცერთი სიტყვა. სიჩუმე და მხოლოდ ღიმილი. 

ეს იყო კომფორტის ზონიდან სერიოზული გამოსვლა. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ დროს რამდენი უხერხული ფიქრი შემოდის გონებაში: “აუ, ჩემზე რას იფიქრებენ ახლა ამას რომ ვკითხავ?”, “შეკითხვაზე რომ არ ვუპასუხებ და უბრალოდ გავუღიმებ ალბათ დებილი ვეგონები!”, “ალბათ
შორიდან რა სასაცილოდ გამოვიყურები” “რა სირცხვილია!” და ა.შ. რამდენიც გინდა!

რამდენიმე საინტერესო სიტუაციის თუ თავგადასავლის შემდეგ, მივედი ერთ მამაკაცთან. მასაც ვკითხე: 

– შეიძლება შემოგიერთდეთ?
– კიკი, რა თქმა უნდა. 
– ვდუმვარ. ვუღიმი.

ვდგავართ. არაფერს ვამბობ.

– საიდან ხარ?
– ვდუმვარ. ვუღიმი.
– არ ლაპარაკობ?
– ვდუმვარ. ვუღიმი.
– ინგლისურად ლაპარაკობ?
– ვდუმვარ. ვუღიმი.
– გერმანულად? იტალიურად? 
– ვდუმვარ. ვუღიმი.
– ესპანურად?
– ვდუმვარ. ვუღიმი.
– ვაახ! ვინმე ხომ არ მიღებს ფარულ კამერაში?!

აქეთ-იქით იყურება და ამოწმებს, სადმე კამერა ხომ არ არის.

– ვდუმვარ. სიცილს ძლივს ვიკავებ.
– ააა, მგონი მივხვდი რაშიც არის საქმე! 
– ვდუმვარ. ინტერესიანი სახით ვუყურებ.
– იცი, მე ყოველ ღამეს ღმერთს ვთხოვ, რომ გამომიგზავნოს ჩემი მეორე ნახევარი! მგონი შეისმინა და გამომიგზავნა! კიკი, ნამდვილად ასეა! 
– ვდუმვარ. ძალიან მეცინება, ეს რა საინტერესო სიტუაციაში ამოვყავი თავი!
– მოდი, გავისეირნოთ.
– ვდუმვარ. ვუღიმი.

დავიწყეთ სეირნობა. მიყვება, მიყვება თავის ცხოვრებაზე. მიყვება აქაურ ცხოვრებაზე, თავის სამსახურზე. რაზე აღარ მესაუბრება…

მე უბრალოდ მდუმარებაში ვარ და მხოლოდ ვიღიმი, მაშინ, როდესაც მეღიმება. 

საოცარი შეგრძნება მეუფლება. ვაკვირდები. არ გჭირდება საუბარი, არ გჭირდება იყო ვინმე. უბრალოდ ხარ აქ და ახლა, ამ მომენტში და ტკბები რეალობით. რა საოცარია. რა საინტერესოა…

შემდეგ ქუჩის მუსიკოსები შემოგვხვდნენ. მელოდია მომეწონა. დავჯექი ძირს და ვუგდებ ყურს სასიამოვნო მუსიკას. ისიც დაჯდა. კვლავ აგრძელებს საუბარს. მე კვლავ ვდუმვარ და პერიოდულად ვიღიმი. შემდეგ ავდექი და კვლავ განვაგრძობ სირულს. არცერთი სიტყვა. ისიც მომყვება.

– იცი, ასე გახსნილად არავისთან მისაუბრია.
– ვდუმვარ. ვუღიმი.
– და იცი, ასეთი საინტერესო მოსაუბრეც არასდროს მყოლია. იცი, ძალიან საინტერესოა შენთან საუბარი.
– ვდუმვარ. მეცინება. (ვფიქრობ… მოსაუბრეო, ჰმმ, ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს. რა საინტერესოა!). 

ხელზე საათი უკეთია. პერიოდულად ვუყურებ მის საათს და დროს ვამოწმებ. 

5 საათზე ჩვენი ავტობუსი უკან, სასტუმროში ბრუნდება. თუ ვერ ვიპოვი დანიშნულების ადგილს და თუ დროულად ვერ მივალ, ის წავა, არ დამელოდება. მე კი შემდეგ უნდა ვიზრუნო, როგორ დავბრუნდე უკან. არც პასპორტი მაქვს, არს საფულე, არც ტელეფონი…

– გეჩქარება? 
– ვდუმვარ. ვუღიმი.
– იცი, მეც მალე მეწყება მეორე სმენა და სამსახურში უნდა დავბრუნდე. დღეს, საღამოს კიდევ შევხვდეთ 9 საათზე, ამ მოედანზე. 
– ვდუმვარ. სევდიანად ვუღიმი.

შემდეგ ნელ-ნელა მივუახლოვდით დანიშნულების ადგილს. 5 სთ ხდებოდა. ტრენინგის მონაწილეები უკვე იკრიბებოდნენ და ნელ-ნელა ავტობუსში სხდებოდნენ. მეც უნდა ავსულიყავი ავტობუსში. 

სევდა მეუფლებოდა, რადგან ძალიან საყვარელი და სასიამოვნო ადამიანი იყო. მე კი გამომშვიდობების უფლებაც კი არ მქონდა. მხოლოდ ღიმილი და მდუმარება. განვიცდიდი, რას იფიქრებდა ჩემზე, როგორ არც კი დამემშვიდობა, არც კი მითხრა არაფერი თავის შესახებო… განვიცდიდი, რომ საღამოს 9 სთ-ზე მართლაც რომ მისულიყო მოედანზე, მე ხომ უკვე სხვა ქალაქში ვიქნებოდი, ჩემს სასტუმროში….

ტრენინგის წამყვანმა გაგვაფრთხილა, რომ ეს არ იქნებოდა მარტივი სავარჯიშო. ჩვენ უნდა შეგვემჩნია ჩვენში რა ხდებოდა ამ დროს, როდესაც მდუმარებაში უნდა დავრჩენილიყავით, მაშინ, როცა ძალიან გსვურდა რაღაც გვეთქვა. კარგად დავკვირვებოდით ჩვენში შემომავალ უხერხულობის თუ დისკომფორტის განცდას. მეც ვაკვირდებოდი… 

შემდეგ უკვე დამშვიდობების დროც დადგა…
გავჩერდი. გავუღიმე და თვალებით დიდი მადლობა გადავუხადე ასეთი საინტერესო და ღრმა გამოცდილებისთვის, ასეთი ერთიანობის შეგრძნებისთვის, რომელიც ასე მდუმარებაში აქამდე არასდროს განმეცადა.

– მოიცა, მიდიხარ? ამდენი ხალხი სად მიდის? ეს რა ჯგუფია? რა ხდება? აღარ დაბრუნდები? 
– ვდუმვარ. სევდიანად ვუღიმი, მადლიერი თვალებით.

საშინლად მინდა ავუხსნა რა ხდება და რატომ არაფერს ვამბობ, რატომ ვდუმვარ…

ავტობუსში ავედი. მდუმარებაში. ვუყურებდი მის დაბნეულ სახეს, მაგრამ არაფრის თქმის უფლება არ მქონდა… ვერ აგიღწერთ ეს რა რთული შეგრძნებაა. 

მხოლოდ ვუღიმოდი და მადლიერებას ვუგზავნიდი თვალებით. ვცდილობდი ხელებით მიმენიშნებინა, რომ მას მთელი გულით ვუსურვებდი ყველაფერს საუკეთესოს და ვუსურვებდი, რომ უფალს შეესმინა მისი სურვილი და ის მართლაც შეხვედროდა ერთ დღესაც თავის მეორე ნახევარს. 

შემდეგ ავტობუსიც დაიძრა. სხვადასხვანაირი შეგრძნებები ირეოდა ჩემში. თან სევდიანი ვიყავი, რადგან ვცდილობდი მის ადგილას წარმომედგინა თავი, ალბათ როგორ გაურკვევლობაში იყო. მან ხომ არ იცოდა, რომ მე მდუმარების სავარჯიშოს ვასრულებდი. მთელი გულით ვუგზავნიდი საუკეთესო სურვილებს და მადლიერებას…

ამავდროულად გაოცებული ვიყავი. რამდენი რამ აღმოვაჩინე… რამდენი რამ გავიგე… რამდენი რამ შევიგრძენი… მდუმარება აღმოვაჩინე. თურმე რა საოცარი რამ ყოფილა მდუმარება. ცხოვრებაში პირველად შედგა ადამიანთან დიალოგი ისე, რომ სიტყვაც კი არ მითქვამს და აღმოვაჩინე, რომ არც ყოფილა საჭირო… მე უბრალოდ ვიყავი ჩუმად, ვიღიმოდი, ვუსმენდი, დიალოგი თავისთავად მიმდინარეობდა და ეს იყო იმაზე სრულყოფილი დიალოგი, ვიდრე აქამდე ჩემი სიტყვებით შემდგარი.

ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ძალიან 
ღრმა კავშირი ადამიანთან. ცხოვრებაში პირველად მოვუსმინე ადამიანს. 
მან არ იცოდა რა მერქვა, საიდან ვიყავი, ვინ ვიყავი, რას ვსაქმიანობდი. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია საინტერესო ურთიერთობა შემდგარიყო.

რამხელა თავისუფლებაა დუმილში. შეგიძლია უბრალოდ დუმდე და არაფერი თქვა. 

ამ გამოცდილების შემდეგ, ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობ ხოლმე, რომ ის იდენტობა, რაც გვაქვს, რაღაც კუთხით როგორი შემზღუდველიათქო. თითქოს ის გიწესებს სტანდარტს როგორი უნდა იყო, როგორ უნდა ისაუბრო, რა უნდა უპასუხო, რა შეგეფერება, რა არ შეგეფერება და ა.შ. 

მე კი იქ უბრალოდ ვიყავი. ვიყავი ის ვინც ვიყავი და არ მჭირდებოდა დამატებით არაფერი. ყველაფერი ისედაც კარგად იყო. უფრო მეტიც, საუბარიც კი არ მჭირდებოდა. არცერთი სიტყვის თქმა…

სიჩუმეც კი საკმარისი იყო. 

რა საოცარი უნარია იყო ჩუმად. უბრალოდ იყო. უბრალოდ მოუსმინო. უბრალოდ შეამჩნიო. დააკვირდე. უბრალოდ არსებოდე. მეტი არაფერი მოგეთხოვება. ის, რომ არსებობ და ხარ, უკვე საკმარისია…

ეს სიჩუმე ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად მეკარგება. 
მაგრამ ის განცდა, ის გამოცდილება იმდენად სიღრმისეული იყო, რომ ყოველთვის მინდა, მას დავუბრუნდე. 

ალბათ ერთ დღეს ეს გამომივა… 

✨🙏🏻✨

გაზიარება

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

ახალი ბლოგები

FACEBOOK