ძალიან გულწრფელი პოსტი მინდა დავწერო…

ძალიან გულწრფელი პოსტი მინდა დავწერო…
ძალიან გულწრფელი პოსტი მინდა დავწერო…

ძალიან გულწრფელი პოსტი მინდა დავწერო…

ხშირად სოციალურ ქსელს შეცდომაში შევყვართ. ადამიანებს და მათ ცხოვრებას მხოლოდ ერთი – დადებითი, წარმატებული, ლამაზი და უბრალოდ იდეალური მხრიდან გვიჩვენებს ხოლმე.

ამაზე კიდევ უფრო ღრმად ჩავფიქრდი, როდესაც ადამიანებს ვხვდებოდი, ვესალმებოდით, მოვიკითხავდით ერთმანეთს და ხშირად მეუბნებოდნენ, თინი შენ არ გკითხავ, ვიცი რომ კარგად ხარ. რა თქმა უნდა ამის მოსმენა სასიამოვნოა, რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როდესაც ირგვლივ ადამიანები შენში ხედავენ წარმატებულ, ბედნიერ, რეალიზებულ ადამიანს, რომელიც თავს კარგად გრძნობს. პრიცნიპში შემიძლია ვთქვა, რომ საერთო სურათში ეს ასეა და ამისთვის რა თქმა უნდა მადლიერი ვარ, მაგრამ ეს ხომ არ არის ერთადერთი რეალობა?

მე შევამჩნიე, რომ გარკვეული იმიჯი შეიქმნა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი კარგად არის და რომ მე წარმატებული ვარ. და, იცით, მე დავიწყე ამ შეხედულების გამოკვება. დავიწყე ძირითადად ამ კუთხით საკუთარი თავის გამოხატვა, ჩემს თავთანაც კი!

და რა დავაფიქსირე იცით? ჩემს თავს ავუკრძალე მოწყენილობა და ცუდ გუნებაზე ყოფნა. თითქოს მრცხვენოდა ამის გამო, თუ ცუდ ხასიათზე ვიქნებოდი და მე ამას ვმალავდი.

თინი შენ ხომ დადებითი, პოზიტიური ადამიანი ხარ, როგორ შეიძლება შენ მოწყენილი იყო. რას იტყვიან შენზე, ე.ი. თურმე თინი არ ყოფილა ისეთი პოზიტიური, თინიც იწყენს ხოლმე. წარმოგიდგენიათ, როგორ ჩარჩოში ჩავსვი საკუთარი თავი?

აი, კიდევ ერთი – თინი, შენ ხომ ფსიქოლოგი ხარ და სხვა ადამიანებს ეხმარები, შენ როგორ უნდა გქონდეს პრობლემები, სისუსტეები, შენ ხომ ძლიერი უნდა იყო, სამაგალითო, იდეალური!

კარგი რა, თინი, Come on, რა!

ერთხელ გეშტალტთერაპიის შემსწავლელი პროგრამის ჯგუფურ შეხვედრაზე გავაჟღერე ჩემი პრობლემის შესახებ და ერთ-ერთი მონაწილე გაოცებული შემომიტრიალდა და მეუბნება, თინი, არ მეგონა შენც თუ გქონდა პრობლემებიო…

მართლა ასე იდეალურად გამოიყურება შორიდან ჩემი ცხოვრება? თუ კი, მაპატიეთ.

ეს იყო დახლოებით 3 თვის წინ, მაგრამ მე ეს სიტყვები დღესაც მახსოვს. ეს სიტყვები შემეხო, რადგან მივხვდი, რომ შეიძლება სოციალური ქსელი ქმნის იმის ილუზიას, რომ ჩვენი ცხოვრება იდეალურია, რომ ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს.

პრიცნიპში მგონი ამას ჩვენც ვუწყობთ ხელს, არა? ვცდილობთ მხოლოდ წარმატება გავაზიაროთ, მხოლოდ კარგი მოვლენების შესახებ ვწეროთ, ვცდილობთ უფრო მოსაწონები და უკეთესები გამოვჩნდეთ.

მაგრამ, ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ამისგან ხომ არ შედგება?

ჩემი ცხოვრებაც, ისევე, როგორც ყველა ადამიანის ცხოვრება, სავსეა გამოწვევებით და ჩემი ცხოვრება საერთოდ არ არის მარტივი. შეიძლება გარედან უფრო ფერადი და ლამაზი ჩანს.

მაგრამ აისბერგის ქვედა, ფარული ნაწილი არის ის, რომ მე ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე, ძალიან ბევრს ვშრომობ, ყოველდღიურად ახალ-ახალ საკითხებს, გამოწვევებს ვაგვარებ საკუთარ თავში, ჩემს ცხოვრებაში, თუ ვერ ვაგვარებ ვეძებ გზებს, ვსწავლობ ეს როგორ გავაკეთო. და ეს პროცესი საკმაოდ გრძელია და საერთოდ არ არის მარტივი. სავსეა ყველანაირი ემოციური სპექტრით.

ჩვენ ვცდილობთ სხვების თვალში გამოვჩნდეთ წარმატებულები, ბედნიერები, ლაღები, ლამაზები და დავტოვოთ იდეალური ადამიანის შთაბეჭდილება.

და იცით რა, ეს მგონი საბოლოოდ ადამიანებს ერთმანეთისგან გვაშორებს. ჩნდება ერთგვარი ილუზია, რომ სხვისი ცხოვრება იდეალურია და ჩემი ცხოვრება რომ იდეალური არ არის, ე.ი. მე არ ვარ საკმარისად კარგი და ეს სხვამ რომ არ შენიშნოს მე ახლა უნდა ვეცადო გამოვჩნდე უფრო კარგი, იდეალური, სასურველი, ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი.

შეიძლება ის ადამიანიც იმავეს ფიქრობდეს და განიცდიდეს, ვისი ცხოვრებაც იდეალური გვგონია და სწორედ ამიტომ ცდილობდეს თავის ასე წარმოჩენას. და შეიძლება ასე ერთმანეთთან ურთიერთობდეს ორი ფასადი… არცერთი არ უტყდებოდეს მეორეს, რომ მისი ცხოვრება სულაც არ არის ყოველთვის ისეთი, როგორიც ჩანს.

აი, მაგალითად მე გუშინ საერთოდ არ მინდოდა საწოლიდან ადგომა, ჩამოფარებული მქონდა ფარდები და არაფრის გაკეთება არ მსურდა. საერთოდ. მქონდა მოტივაცია 0, ენთუზიაზმი 0, შემართება 0 და იცით რატომ?

გადავიღე ვიდეო, რომლის გამოქვეყნებაც არ მინდოდა, მრცხვენოდა, რადგან იქ ძალიან გულწრფელი და ავთენტური ვიყავი და მეშინოდა სულელურად არ გამოჩენილიყო ეს ყველაფერი. და ამის გამო ძალიან გაბრაზებული ვიყავი საკუთარ თავზე და არაფრის გაკეთება არ მინდოდა… მე ასეთი დღეებიც მაქვს.

გუშინ ნათია ფანჯიკიძის ახალი წიგნი შევიძინე, რომელიც ძალიან კარგი სიტყვებით იწყება. ეს სიტყვები ჩემთან ახლოს მოვიდა:

“ცხოვრება თავსატეხი კი არ არის, რომელიც უნდა ამოხსნა, რეალობაა, რომელიც უნდა გამოსცადო.” – კირკეგორი.

და, დავფიქრდი,

გამოვცდით, კი?!
ვცხოვრობთ კი?! 
ვგრძნობთ, კი?!
განვიცდით, კი?!
ვისხნებით კი ყველანაირი ემოციის თუ შეგრძნების მიმართ?!

გვიყვარს კი, ის რაც არის?

და თუ არ გვიყვარს, რატომ არ გვიყვარს?

იმიტომ, ხომ არა, რომ “იდეალური” არ არის?

იქნება სწორედ ეს არის მისი სილამაზე და მისი ხიბლი, მისი განძი?

მე ვფიქრობ, რომ ყველანაირი “უარყოფითი” განცდის თუ ემოციის მიღებით, შეყვარებით, დამეგობრებით იხსნება ჭეშმარიტი სიხარული, გულწრფელი ბედნიერება და სილაღე…

და, რატომ ვფარავთ ხოლმე ამ მხარეს?

იმიტომ, ხომ არა, რომ გვეშინია უარგვყონ, არ მოვეწონოთ ასეთები.
გვეჩვენება, რომ ასეთები საყვარლები არ ვართ, ასეთები არ ვეყვარებით, მაგრამ სამაგიეროდ ვეყვარებით, მოვეწონებით ბედნიერები, წარმატებულები, რეალიზებულები და სწორედ ასეთებთან მოუნდებათ ურთიერთობა.

და რას აღარ ვაკეთებთ, რომ ეს სტატუსი, ეს იდენტობა შევინარჩუნოთ, დავიცვათ და საკუთარ თავს ნამდვილი ცხოვრების უფლებასაც კი ვუკრძალავთ… თავისი ყველანაირი ადამიანური განცდით თუ წუხილით.

ჩემს ცხოვრებაში იყო ერთი საოცარი, გარდამტეხი მომენტი. ეს მოხდა გერმანიაში, ბაირონ ქეითის ტრენინგზე. დავალება გვქონდა დაგვეწერა რისი გვრცხვენოდა და რისი გვეშინოდა ჩვენს შესახებ რომ სცოდნოდათ სხვებს. შემდეგ კი ყველაზე გაბედული მონაწილეები სცენაზე უნდა გამოსულიყვნენ და წაეკითხათ ეს 300 კაციანი აუდიტორიის წინაშე.
მე ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც გამოდიოდნენ სცენაზე, კითხულობდნენ და თან შფოთავდნენ, ცახცახებდნენ, ტიროდნენ, იმალებოდნენ და იცით რა მოხდა?

მათ უარყოფის, გაკიცხვის მაგივრად მიიღეს მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული! გულწრფელი, ნამდვილი, ავთენტური!

ქეითმა მოგვმართა აუდიტორიას, აგვწეია ხელი მათ, ვისთანაც ახლოს მივიდა ამ ადამიანების ისტორია, ვისაც გვსურდა ამის გამო მათთან ჩახუტება.

და მე შევამჩნიე, რომ ჩემთან ერთად ხელს იწევდა 300-ვე ადამიანი!

ეს იყო სიყვარული, რომელიც კურნავს!

ხელს ვიწევდი და მთელი არსებით ვგრძნობდი, როგორ მიყვარდა ეს ადამიანი, სწორედ მისი “ნაკლის” გამო! სწორედ იმიტომ, რომ ის იდეალური არ იყო! იმიტომ, რომ ეს იყო ყველაზე ლამაზი, ყველაზე გულწრფელი, ყველაზე ავთენტური! მინდოდა გულში ჩამეკრა, მზად ვიყავი ყველაფერი გამეკეთებინა ამ ადამიანისთვი!

მე ვისმენდი მათ ისტორიებს, მე მათში საკუთარ თავსაც ვპოულობდი და ვხედავდი და მე მიყვარდნენ ისინი, მიყვარდა მათი ავთენტურობა და ეს იყო ყველაზე გულწრფლი და ნამდვილი სიყვარული!

ამ ადამიანებმა მიიღეს სიყვარული და ჩახუტება სწორედ იქ, სადაც ყველაზე მეტად ეშინოდათ უარყოფის…

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი განცდა, გაცნობიერება, გადატრიალება ჩემს ცხოვრებაში… დღემდე შეძრული ვარ ამით!

მე მინდა ჩემი ცხოვრება იყოს კიდევ უფრო გულწრფელი, კიდევ უფრო მეტად ავთენტური და მე მინდა ჩემი თავი ჩემი სისუსტეების გამოც მიყვარდეს და მივცე ჩემს თავს უფლება გამოვცადო და მიყვარდეს ცხოვრება და რეალობა მთელი თავისი მოცემულობით…

მე ვარ თინათინ ბასილაია და მე არ ვარ იდეალური! არც ჩემი ცხოვრება!

🙏☀️✨

გაზიარება

Facebook
Google+
Twitter
LinkedIn

დატოვეთ კომენტარი

თინათინის შესახებ

თინათინ ბასილაია შინაგანი ძალის ექსპერტი – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თინათინის მისიაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს დაეხმაროს შინაგანი ძალის გაღვიძებაში და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

ახალი ბლოგები

FACEBOOK